სექსიზმი:
დაინახე.
ამოიცანი.
შეაჩერე.
#შეაჩერესექსიზმი #MeToo
 

სექსიზმი არის ნებისმიერი სახის გამოხატულება (ქმედება, გამონათქვამი, გამოსახულება, ჟესტი), რომელიც ეფუძნება ზოგიერთი ადამიანის - ძირითადად, ქალების - არასრულფასოვნების იდეას სქესის ნიშნით.

 

სექსიზმი საზიანოა.
იგი იწვევს უსარგებლობის განცდას, თვითცენზურას,
თავის არიდების სტრატეგიების გამოყენებას,
ქცევის შეცვლასა და ჯანმრთელობის გაუარესებას.
სექსიზმი გენდერული უთანასწორობის საფუძველია
დაარაპროპორციულ გავლენას ახდენს ქალებსა და გოგონებზე.

 

სექსიზმი ცხოვრების ყველა სფეროში არსებობს, მაგალითად:

 

ქალ ჟურნალისტთა 63% განიცდის სიტყვიერ შეურაცხყოფას

 

ქალები სახლის არაანაზღაურებად საქმეს ორჯერ მეტ დროს ახმარენ, ვიდრე კაცები (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში)

 

ქალების 80%-მა განაცხადა, რომ ხშირად აწყდებიან ისეთ ფენომენს, როგორიცაა „მენსპლეინინგი“ და „მენთერაპთინგი“ სამსახურში*

 

მოვლენების გაშუქებისას, შემთხვევათა 75%-ში ახალი ამბების წყარო ან თემა არის კაცი

 

გაერთიანებულ სამეფოში გამოკითხულ 16-18 წლისგოგონათა 66%-ს განუცდია სექსისტური ენა სკოლაში, ან შესწრებია მას

 

ამსტერდამში ქალების 59%-მა განაცხადა, რომ სხვადასხვა ფორმის შევიწროება განუცდია ქუჩაში

 

საფრანგეთში გამოკითხული ახალგაზრდა ქალების 50%ამბობს, რომ ახლო წარსულში განიცადეს უსამართლობა ან დამცირება იმის გამო, რომ ქალები არიან

 

სერბეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესში ქალების 76%-სნაკლებად სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე კაცებს

 

ძალადობა ზოგჯერ
ხუმრობით იწყება

სექსიზმის ინდივიდუალური გამოვლინებები,
ერთი შეხედვით, შესაძლოა უწყინარი ჩანდეს,
თუმცა ისინი ქმნის ზეწოლის, შიშისა და დაუცველობის ატომოსფეროს.
ეს კი იწვევს ძალადობის მიმღებლობას, ძირითადად, ქალებისა და გოგონების მიმართ.

 

სწორედ ამიტომ, ევროპის საბჭომ გადაწყვიტა,
ემოქმედა, და მიიღო რეკომენდაცია სექსიზმთან ბრძოლისა და პრევენციის შესახებ.

 
 
 

სექსიზმი, ძირითადად,
ქალებზე ახდენს გავლენას,
თუმცა შესაძლოა კაცებსა და
ბიჭებზეც იმოქმედოს, თუკი ისინი
ვერ აკმაყოფილებენ სტერეოტიპულ
გენდერულ როლებს.

 

სექსიზმს ზოგიერთი ქალისა და კაცისათვის კიდევ უფრო დამაზიანებელი შედეგი მოაქვს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა: ეთნიკური წარმომავლობა, ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა, სოციალური წარმომავლობა, რელიგია, გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა.

 

ქალთა ზოგიერთი ჯგუფი (მაგ.: ახალგაზრდა ქალები, პოლიტიკოსები,
ჟურნალისტები ან საჯარო პირები) სექსიზმის განსაკუთრებული სამიზნეები არიან.

 
%

პარლამენტის წევრ ქალთა58%-ს განუცდია სექსისტური თავდასხმა სოციალურ ქსელებში.

 

დაინახე. ამოიცანი. შეაჩერე.

 

ენა და კომუნიკაცია

სექსიზმის მაგალითები ენასა და კომუნიკაციაში:

მოსაუბრის მხრიდან ავტომატურად მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელების გამოყენება, როდესაც სუბიექტის სქესი უცნობია; გამოცემის ყდაზე მხოლოდ კაცების წარმოდგენა; ქალების მამაკაცური ტერმინით მოხსენიება, მათი პროფესიის გამო; კომუნიკაციის კამპანია, რომელიც არასაჭირო სიშიშვლეს შეიცავს; რეკლამა, სადაც კაცი აჩვენებს ქალს, თუ როგორ გამოიყენოს სარეცხი მანქანა.

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

ენა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლია, ადამიანი აქციოს ხილულად ან უხილავად, ასევე, აღიაროს ან დააკნინოს მისი წვლილი საზოგადოებაში; ჩვენი ენა განსაზღვრავს ჩვენსავე აზროვნებას, ჩვენი აზროვნება კი გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე; გენდერულად ბრმა ან დისკრიმინაციული ენის გამოყენება ამყარებს სექსისტურ დამოკიდებულებებსა და ქცევას.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

გამოიყენეთ როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვები, როდესაც მიმართავთ შერეულ აუდიტორიას. გადახედეთ საჯარო კომუნიკაციას და დარწმუნდით, რომ გამოყენებულია გენდერულად სენსიტიური ენა და გამოსახულებები.სხვადასხვა აუდიტორიისთვის შეიმუშავეთ სახელმძღვანელოები გენდერულად სენსიტიური კომუნიკაციის შესახებ. ხელი შეუწყვეთ კვლევას ამ სფეროში.

მედია, ინტერნეტი და სოციალური მედია

სექსიზმის მაგალითები მედიაში:

ქალის სექსუალიზებული აღწერა მედიაში; სატელევიზიო შოუ, სადაც მხოლოდ კაცები მონაწილეობენ; მედიის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქება იმგვარად, რომ დანაშაული ბრალდება მსხვერპლს; ხშირად სოციალურ მედიაში ვრცელდება კომენტარები ჟურნალისტების, განსაკუთრებით, ქალი ჟურნალისტების გარეგნობაზე, ნაცვლად საკითხებისა, რომლებსაც ისინი განიხილავენ. ინტერნეტაპლიკაციები ზოგიერთი ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ კაცებს უგზავნიან იმის გამო, რომ ალგორითმები შექმნილია დისკრიმინაციულად.

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

ბავშვები (სხვებთან ერთად) დიდი რაოდენობის სექსისტურ მედიაგზავნილს იღებენ, რომლებიც გავლენას ახდენს მათზე. ასეთი გზავნილები მათ უზღუდავს ცხოვრებისეულ არჩევანს და უქმნის შთაბეჭდილებას, რომ კაცები ინარჩუნებენ ცოდნასა და ძალაუფლებას, ქალები კი არიან ობიექტები და მათ გარეგნობაზე კომენტარის გაკეთება მისაღებია. ონლაინ სექსიზმი ქალებს ონლაინ სივრციდან აძევებს და საკმაოდ სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. ინტერნეტში ადამიანის შეურაცხყოფა ან დაცინვა ტოვებს მუდმივ ციფრულ კვალს, რომელიც შეიძლება შემდგომაც გავრცელდეს, მისი წაშლა კი რთულია.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

დანერგეთ მედიაში გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობა. მოამზადეთ მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტები გენდერული თანასწორობის საკითხებზე. უზრუნველყავით ქალებისა და კაცების დაბალანსებული წარმომადგენლობა და მრავალფეროვანი და არასტერეოტიპული როლები მათთვის. ხელი შეუწყვეთ ისეთ რეკლამებს, რომლებიც ზრდის ცნობიერებას გენდერული სტერეოტიპების შესახებ, ნაცვლად მათი გამყარებისა.ჩაატარეთ ტრენინგი ციფრული წიგნიერების შესახებ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. ასევე საჭიროა სექსისტური სიძულვილის ენის სამართლებრივად განსაზღვრა და სანქციების შემოღება ონლაინ სივრცეში. დანერგეთ სპეციალიზებული სერვისები, რომლებიც საზოგადოებას კონსულტაციას გაუწევს ონლაინ სივრცეში სექსიზმთან გამკლავების საკითხებზე.

სამუშაო ადგილი

სექსიზმის მაგალითები სამუშაო ადგილზე:

კარიერული შესაძლებლობებიდან დედების არაოფიციალურად გამორიცხვა; შეხვედრებზე ქალების უგულებელყოფა, მათი წვლილის მისაკუთრება ან გაჩუმება; მენეჯერულ თანამდებობებზე უპირატესობის კაცებისთვის მინიჭება, იმ ვარაუდით, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი ავტორიტეტი; ზედმეტი კომენტარები ფიზიკური გარეგნობის ან სამოსის შესახებ (რაც ძირს უთხრის ქალებს, როგორც პროფესიონალებს); დამამცირებელი კომენტარები იმ კაცების მიმართ, რომლებიც მზრუნველის როლს ირგებენ („მენსპლეინინგი“).

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

სექსიზმი სამუშაო ადგილზე ძირს უთხრის მსხვერპლის ეფექტიანობას და სამუშაო ადგილისადმი მიკუთვნების განცდას; სექსიზმის საშუალებით გაჩუმება ნიშნავს იდეების ან ნიჭის უგულებელყოფას და არასათანადო გამოყენებას; დამამცირებელი კომენტარები ქმნის ზეწოლის/ჩაგვრის ატმოსფეროს მსხვერპლისთვის და შესაძლოა, ძალადობაში/შევიწროებაში გადაიზარდოს, მსხვერპლს კი განუვითარდეს ძლიერი შფოთვა, ან მიდრეკილი გახდეს განრისხებისა და დეპრესიისკენ; უფრო ზოგადად, სექსიზმი იწვევს ნაკლებ ხელფასებსა და შესაძლებლობებს მათთვის, ვინც ამ პრობლემას აწყდება.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

შეიმუშავეთ და დანერგეთ: ქცევის კოდექსები, რომლებიც განმარტავს სექსისტურ ქცევას და უზრუნველყოფს მის პრევენციას ტრენინგის საშუალებით; ასევე, გასაჩივრების მექანიზმები, დისციპლინური ზომები და მხარდაჭერის სერვისები. მენეჯერებმა უნდა გამოხატონ და სხვებსაც დაანახონ მზაობა სექსიზმზე რეაგირების კუთხით.

საჯარო სექტორი

სექსიზმის მაგალითები საჯარო სექტორში:

სექსუალიზებული ან გარეგნობის/ოჯახური მდგომარეობის შესახებ კომენტარები პოლიტიკოსების (უმეტეს შემთხვევაში, ქალების) მიმართ, მათ შორის, პარლამენტშიც; საჯარო სერვისების თანამშრომელთა კომენტარები მომხმარებლების სექსუალური ორიენტაციის ან გარეგნობის შესახებ; სექსისტური წარმოდგენები/შიშველი ქალის სურათების განთავსება საჯარო სამუშაო ადგილებზე (მაგ.: საავადმყოფოს თანამშრომელთა ოთახებში); კომენტარები ქალების გარეგნობაზე საჯარო სივრცეში, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

საჯარო სექტორი ვალდებულია, სხვებს კარგი მაგალითი უჩვენოს. სექსიზმი საკმაოდ გავრცელებულია პარლამენტში, სადაც ზღუდავს ქალების შესაძლებლობებსა და თავისუფლებებს, როგორც არჩეული მოხელეების, ისე თანამშრომლების შემთხვევაში. სექსიზმი აზიანებს საჯარო სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას. საჯარო სივრცეებში სექსიზმი ზღუდავს ქალის გადაადგილების თავისუფლებას. სექსიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს ძალადობა და შექმნას ჩაგვრის გარემო, რომელიც  ხელს უშლის ქალებს, რომ მონაწილეობა მიიღონ საჯარო ცხოვრებაში.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

საჭიროა: თანამშრომელთა ტრენინგი; ქცევის კოდექსების, გასაჩივრების მექანიზმების, დისციპლინური ზომებისა და მხარდაჭერის სერვისების დანერგვა;ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარება(მაგ.: საჯარო სივრცეში სახელმძღვანელოების ან პოსტერების განთავსება, რომლებიც განმარტავს სექსიზმის მნიშვნელობას);გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა; საჯარო სექტორში სექსიზმზე კვლევისა და მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა.

მართლმსაჯულება

სექსიზმის მაგალითები მართლმსაჯულების სისტემაში:

მოსამართლე სექსუალური ძალადობის მსხვერპლს მიანიშნებს, რომ ძალადობა „მან გამოიწვია“; სამართლის სპეციალისტი აკეთებს კომენტარს ქალი კოლეგის გარეგნობაზე; პოლიციის თანამშრომელი არ ეკიდება სერიოზულად ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებას, ან აკნინებს მის მნიშვნელობას.

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

ასეთმა ქცევამ შესაძლოა მსხვერპლს აიძულოს საქმის უკან გამოტანა. იგი იწვევს უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემაში და არასათანადოდ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ასეთი ქცევა ამცირებს და იურიდიული პროფესიებიდან განდევნის ქალებს.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

დანერგეთ მართლმსაჯულებაზე ქალთა თანაბარი წვდომის პოლიტიკა. ჩაუტარეთ ტრენინგები იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს. ასევე საჭიროა სასამართლო სტერეოტიპების დეკონსტრუქცია ცნობიერების ამაღლების კამპანიებით. პროფესიონალებმა თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა დაამყარონ ფაქტებზე, მოძალადის ქცევასა და საქმის კონტექსტზე, ნაცვლად, მაგალითად, მსხვერპლის სამოსისა.

განათლება

სექსიზმის მაგალითები განათლების სფეროში:

სახელმძღვანელოები შეიცავს სტერეოტიპულ გამოსახულებებს ქალების/კაცების, ბიჭების/გოგონების შესახებ;სახელმძღვანელოებში ქალები არ არიან წარმოდგენილნი მწერლებს, ისტორიკოსებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებს შორის; კონსულტაციები კარიერისა და განათლების შესახებ არ უწყობს ხელს არასტერეოტიპული კარიერის ან სწავლის სფეროს არჩევას; მასწავლებლები კომენტარებს აკეთებენ მოსწავლეების/სტუდენტების/სხვა მასწავლებლების გარეგნობაზე; სექსუალიზებულია კომენტარები გოგონების შესახებ; არაკონფორმისტულ მოსწავლეებს/სტუდენტებს ბულინგს უწევენ სხვა მოსწავლეები/სტუდენტები ან განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები; სექსისტურ ქცევაზე რეაგირებისთვის, არ არსებობს სათანადო ცნობიერება/პროცედურები/ქმედებები.

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

განათლების შინაარსი და განათლების სფეროს სპეციალისტთა ქცევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგად აღქმასა და ქცევაზე. სექსიზმის ატმოსფერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეების/სტუდენტების არჩევანზე. სექსიზმი განათლებაში ზღუდავს მომავალში კარიერისა და ცხოვრების სტილის არჩევანს.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

დანერგეთგანათლების სფეროში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და კანონმდებლობა. გადახედეთ სახელმძღვანელოებს და უზრუნველყავით, რომ ისინი თავისუფალი იყოს სექსიზმისგან და ქალებსა და კაცებს არ აღწერდეს სტერეოტიპული როლებით. სახელმძღვანელოებსა და პროგრამებში ქალები წარმოაჩინეთ მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, ლიდერებსა და პოლიტიკოსებს შორის. ასწავლეთ ქალთა ისტორია. უზრუნველყავით გასაჩივრების მექანიზმის ხელმისაწვდომობა.მიეცით განათლება გენდერული თანასწორობისა და სექსუალურ საკითხებზე (მათ შორის, თანხმობისა და პერსონალური საზღვრების შესახებ). განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს ჩაუტარეთ ტრენინგი ქვეცნობიერ მიკერძოებაზე.

კულტურა და სპორტი

სექსიზმის მაგალითები კულტურისა და სპორტის სფეროში:

მედია სპორტსმენ ქალებს აღწერს მათი ოჯახური როლის, და არა უნარებისა და ძლიერი მხარეების მიხედვით; ასევე ხშირია: ქალთა სპორტული მიღწევების ტრივიალიზაცია; იმ კაცების დამცირება, რომლებიც „ქალურ“ სპორტს მისდევენ; სექსუალურ სამოსში გამოწყობილი ქალების  „დეკორაციის“ სახით გამოყენება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე; შემთხვევები, როდესაც გამოფენებზე ქალების ნამუშევრები არ არის წარმოდგენილი;კინემატოგრაფიაში ქალებისათვის მნიშვნელოვანი როლების ნაკლებობა, ხოლო უფროსი ასაკის ქალი მსახიობებისათვის როლების, ფაქტობრივად, არარსებობა; ისეთი ფილმების ნაკლებად დაფინანსება, სადაც ქალები წამყვან როლებს თამაშობენ; ქალთა ხელოვნებაში დაფინანსების ნაკლებობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

Bროგორც კულტურა, ისე სპორტი აყალიბებს დამოკიდებულებებს. ქალებისა და კაცების სტერეოტიპული აღწერა ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ამ სფეროებში, ძირითადად, კაცები ჩანან, რაც გავლენას ახდენს ქალების, როგორც პოტენციური ხელოვანების ან სპორტსმენების აღქმაზე და ავიწროებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის მისაბაძი მაგალითების სპექტრს.გენდერული სტერეოტიპები ზღუდავს ქალებს/კაცებს და გოგონებს/ბიჭებს იმ სპორტის არჩევანის მხრივ, რომელიც არ მიიჩნევა "ქალურად" ან "მამაკაცურად"; ეს იწვევს თვითცენზურას. ორივე სფეროში, სექსიზმი განაპირობებს ნაკლებ ხელფასებსა და შესაძლებლობებს მათთვის, ვინც ამ პრობლემას აწყდება.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

საჭიროა: ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა კრეატიულ საქმიანობას და გენდერულ მეინსტირმინგს კულტურის და სპორტის პოლიტიკაში (სტიპენდიები, გამოფენები, ტრენინგი, სამუშაო ადგილის/სახელოსნოების უზრუნველყოფა); სპორტისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალების უკეთესი და ხშირი გაშუქება მედიის მიერ; სპონსორების წახალისება, რომ მხარი დაუჭირონ ქალების ხელოვნებასა და სპორტს; ქცევის კოდექსის მიღება სექსისტური ქცევის პრევენციის მიზნით, მათ შორის, დისციპლინური სანქციების დანერგვა სპორტულ ფედერაციებში; სპორტისა და კულტურის სფეროში მოღვაწე წამყვანი ადამიანების ხელშეწყობა, რომ ისაუბრონ სექსიზმზე; სპორტში ძალადობისა და სექსისტური სიძულვილის ენის დაგმობის კამპანიის ჩატარება.

კერძო სფერო

სექსიზმის მაგალითები კერძო სფეროში:

ქალები უფრო მეტ უხელფასო სამუშაოს (მზრუნველობა და ოჯახური საქმეები) ასრულებენ, ვიდრე კაცები (მაგ.:წვეულების შემდეგ, მასპინძელს ჭურჭლის დარეცხვაში მხოლოდ ქალები ეხმარებიან); სექსისტური ხუმრობები მეგობრებს შორის; სისტემატურად „ქალური“ ან „მამაკაცური“ სათამაშოების შეთავაზება გოგონებისთვის/ბიჭებისთვის; ბიჭების წახალისება სიცელქისა და რისკებისკენ და გოგონების წახალისება მორჩილებისა და სათნოებისკენ; ისეთი გამონათქვამების გამოყენება, როგორიცაა: „გოგოსავით დარბის“, ან „ბიჭები ყოველთვის ბიჭურად მოიქცევიან.“

რატომ არის მნიშვნელოვანი მასზე რეაგირება?

ანაზღაურების გარეშე შესრულებული სამუშაო მნიშვნელოვნად აფერხებს ქალების მონაწილეობას შრომის ბაზარზე, მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მონაწილეობას სპორტულ თუ გასართობ აქტივობებში. სათამაშოები (მაგ.: მინი სამზარეულო ან კონსტრუქტორი) გავლენას ახდენს როგორც გენდერულ როლებზე, ისე სწავლასა და კარიერასთან დაკავშირებულ არჩევანზე. სექსისტურმა ხუმრობებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაჩუმება და დაშინება, ასევე, სექსისტური ქცევის ტრივიალიზაცია.

როგორ შევძლოთ მისი პრევენცია?

ჩაატარეთ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები და კვლევები აუნაზღაურებელი სამუშაოს გავლენასა და განაწილებაზე ქალებსა და კაცებს შორის. მიიღეთ ზომები, რომლებიც ხელს უწყობს ყველა ადამიანის პირადი და პროფესიული ცხოვრების ურთიერთშეთავსებას. პოპულარიზაცია გაუწიეთ არაგენდერულ სათამაშოებს. წაახალისეთ გოგონები და ბიჭები, რომ მონაწილეობა მიიღონ ოჯახურ საქმეებში. ბიჭების მსგავსად, გოგონებსაც უნდა ჰქონდეთ სივრცე თამაშის, კვლევისა და საკუთარი თავის გამოხატვისთვის.